(+995 32) 2 945 808

24.10.2012 Doing Business 2013: ქონების რეგისტრაციის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილზეა…

19 11 2012

მსოფლიო ბანკისა (WB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გამოკვლევა Doing Business 2013-ის მიხედვით, მსოფლიოს 185 ქვეყანას შორის ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველო კვლავ საუკეთესოა და პირველ ადგილს ინარჩუნებს. აღნიშნული გამოკვლევა 2012 წლის ივნისამდე პერიოდის მონაცემების მიხედვით გაკეთდა…

ქონების რეგისტრაციის სფეროს შეფასება სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობის, რე­გისტრირებისათვის საჭირო დროისა და დანახარჯის ფაქტორების გათვა­ლისწინებით ხდება…

ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად მსოფლიო ბან­კისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეიტინგში საქართველო უკვე მეორე წე­ლია (2011-2012) ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, მაშინ როდესაც 2008-2010 წლებში საქართ­ველო მეორე იყო, 2007 წელს – მეთერთმეტე, ხოლო 2006 წელს – მეთექვსმეტე…

საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაციას 2004 წლიდან იუსტიციის სამინისტროს სა­ჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სააგენტოს შექმნა, ახლებური სარე­გის­ტ­რაციო სისტემის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. საკანონმდებლო ბაზის შეცვლამ და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ შეამცირა უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურები და ვადები. სააგენტომ საქართველოში პირველმა დანერგა ადმი­ნის­ტრაციულ ორგანოში ელექტრონული მმართველობის პრინციპები და სისტემა. ამ ყველა­ფერმა ერთად კი, თავისთავად განაპირობა წარ­მატება და მომხმარებელთა მზარდი კმაყო­ფი­ლება…

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქონების რეგისტრაცია რამოდენიმე საათშიც კი შე­საძლებელია; საქართველოში მხოლოდ ერთი პროცედურაა საჭირო იმისათვის, რომ ქონება დარეგისტრირდეს. ამასთან, რეგისტრაციასთან დაკავშირებული დანახარჯების სიმცირით სა­ქართველო კვლავაც ლიდერია…

Doing Business – მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პროექტია, რომელიც ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 185 ქვეყანაში იკვლევს 10 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით. მიმდინარე წელს საქართ­ველო პირველად მოექცა Doing Business-ის მსოფლიო ქვეყნების ე.წ. ტოპ ათეულში (მეცხრე ადგილი), რაც სხვა ფაქტორებთან ერთად უპირატესად განპირობებულია ქონების რეგისტრა­ციის რეიტინგში პირველი ადგილით…