(+995 32) 2 945 808

ახალი ტექნოლოგიები საჯარო რეესტრში

27 07 2011
დღეს, რუსთავის იუსტიციის სახლში საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა  მიწის ნაკვეთების ასაზომი თანამედროვე ტექნოლოგიების  პრეზენტაცია გამართა.
ახალი ხელსაწყოები შესაძლებელს ხდის მიწის ნაკვეთების აზომვას და საკადასტრო სამუშაოების ჩატარებას დაჩქარებული მეთოდითა და გაცილებით იაფი აღჭურვილობით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი საამზომვებლო კომპანიების ბიზნესის წარმოების განვითარებას.
ახალი, მარტივი ტიპის ხელსაწყოების გამოყენებით სულ რამდენიმე წუთში შესაძლებელი ხდება მიწის ნაკვეთის ნახაზის ელექტრონულ ფორმატში შედგენა.
საჯარო რეესტრის თავმჯდომარის სოსო წიქარიშვილის განმარტებით : „საჯარო რეესტრი რეგისტრაციისთვის ითხოვს მიწის ნაკვეთის ნახაზს ელექტრონულ ფორმატში, რომელიც აზომილი უნდა იყოს საერთაშორისო კოორდინატთა სისტემის სტანდარტებით. ამ კოორდინატთა მისაღებად დღეს მოქმედ საამზომემვლო კომპანიებს ესაჭიროებათ საკმაოდ ძვირადღირებული აპარატურის ანუ მოძრავი GPS სადგურები. გარდა იმისა, რომ ამ აპარატურის ფასი არის მაღალი, მისი სამუშაოების წარმოებაც არის საკმაოდ შრომატევადი.  ახალი, თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით კი შესაძლებელი ხდება რამდენიმე წუთში ნებისმიერი წერილის კოორდინატის მიღება. შესაბამისად, ნახაზების ელექტრონულ ფორმატში შედგენა მოხდება სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად” .
საჯარო რეესტრის განაგრძობს თანამედროვე ელექტრონული სისტემების  დანერგვას და გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამ მიზნით, დაიგეგმა ერთ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს მასშტაბით GPS სადგურების ანუ უწყვეტი, მუდმივმოქმედი საინფორმაციო სისტემის (CORS) დაარსება.
პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, სამოქალაქო მშენებლობის, ტოპოგრაფიული სამუშაოებისა, საკადასტრო გადაღებების და ქვეყნის გეოდეზიური შესაძლებლობების მოდერნიზებისათვის, რაც საერთაშორისო გეოდეზიური სტანდარტების საფუძველს წარმოადგენს.
ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 35 სადგურის დაარსება. უკვე დამონტაჟდა  12 სადგური,  აქედან 6 ა კლასის სადგური – მთელი საქართველოს ერთიან სივრცობრივ ბადეს ქმნის, ხოლო 6 ბ კლასის სადგური სრულად და უფრო მეტი სიზუსტით ფარავს დედაქალაქის ტერიტორიას. პროექტის შემდგომ ეტაპზე კიდევ  23 ბ კლასის სადგური დამონტაჟდება ქვეყნის ეკონომიკურად აქტიურ ზონებში.

სადგურების შექმნას და მისი ტექნიკით აღჭურვას ახორციელებს  შვეიცარიული კომპანია „ლეიკა”, რომელიც მსოფლიო ლიდერია გეოდეზიური აპარატურის სფეროში.
CORS-ის სისტემის დანერგვა  შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (Sida)   და „მსოფლიო ბანკის(WB) – სოფლის მეურნეობის განვითრების პროექტის”  დახმარებით განხორციელდა.